ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო [ფოტო]
ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო [ფოტო]

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რესტავრაციის პირველი ეტაპი ქვის კონსერვაციის სამუშაოებს მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად გაიწმინდა ქვებს შორის ადგილები; მოხდა ნაკერებისა და ბზარების ინექტირება; ნაკერების, მიკრობზარებისა და ბზარების ამოვსება; საანკერე ხვრელებისა და ანკერების მომზადება; საანკერე ხვრელების გასუფთავება და ჩაანკერება; კირის ხსნარით რეკონსტრუქცია; ქვის ნაწილების ფრაგმენტების გაერთიანება; ძველი,ცემენტის შევსებების გაწმენდა და შეცვლა კირის ხსნარით;მექანიკური წმენდა; ბიოციდით შეწამვლა 5-ჯერ; ორნამეტების კონსერვაცია.

„წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მდებარეობს სოფ.ნიკორწმინდაში,სოფლის ცენტრიდან ოციოდ მეტრში.იგი დათარიღებულია XI ს-ით და მისი მშენებლობა უკავშირდება ბაგრატ III მეფობის ბოლო პერიოდს ( 1010-1014 წწ.).
ძეგლი ჯვარ-გუმბათოვანია.გარედან ჯვრის ფორმის,გეგმაში ხუთ აბსიდიანიაბსიდები ნახევარწრიულია, განთავსებულია სხივურად და დასავლეთით ებჯინება მოკლე მკლავი. აბსიდების შვერილებზე დაყრდნობილია აფრები,რომელზედაც გუმბათის ყელია მოწყობილი.შიდა სივრცეს გუმბათის თორმეტი სარკმელი ანათებს.გუმბათს კონუსური გადახურვა აბოლოვებს.

საკურთხევლის გვერდებზე განთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნე, ხოლო დასავლეთის მკლავთან ეკვდერები.მოგვიანებით არის ნაგები ეკლესიის მინაშენები,რომელთაგან ორი- სამხრეთისა და დასავლეთის დღემდეა შემორჩენილი. ჩრდილოეთი მინაშენი დანგრეულია და მისი გეგმა ნაწილობრივ იკითხება საძირკველის დონეზე“,- აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.