ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა ეწყობა
ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა ეწყობა

სოფელ ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები ორი წლის წინ დაიწყო და წელს ზაფხულში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მოედნის, ღობის, ჭიშკრების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების ფასადების რეაბილიტაციას, მცირე სკვერის მოწყობას და სუვენირების მაღაზიის, პარკინგის მშენებლობას.

პროექტი, რომლის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა.

„მსოფლიო ბანკის დახმარებით ვახორციელებთ ამ პროექტს. ასევე, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს ჭრებალო-ნიკორწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ეს არის 26 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც რვა სოფელს აკავშირებს. ათწლეულების განმავლობაში ეს გზა პრაქტიკულად არ არსებობდა და მისი აღდგენა ძალიან სასიხარულოა. ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის თვალსაზრისით, ისე რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რაჭაში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილია 13 მილიონ ლარზე მეტი. ამ თანხით ფინანსდება წყლისა და კანალიზაციის სისტემების, ქუჩებისა და გზების რეაბილიტაცია, ასევე – მდინარეებზე დამცავი კედლების მშენებლობა, მინი-სტადიონების მოწყობა და სხვა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 22 პროექტზე მუშაობს, რომლის ფარგლებში 98კმ გზის რეაბილიტაცია და ერთი ნაპირსამაგრი პროექტი განხორციელდება. მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 136 მილიონ ლარს აჭარბებს.

სხვადასხვა პროფილის პროექტებზე მუშაობს რაჭაში მუნიციპალური განვითარების ფონდი, მათ შორისაა საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია.