„ნიკორა ტრეიდი“ - მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი კომპანია „ჯეო დისტრიბუციის“ ქათმის ფილე „გრაკო“ გახდა
„ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი კომპანია „ჯეო დისტრიბუციის“ ქათმის ფილე „გრაკო“ გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიკორა ტრეიდი“ ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქტიურად თანამშრომლობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამოდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ, სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე „გრაკოს“, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია“. რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და, საბედნიეროდ, მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა.
ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით“, – აღნიშნულია „ნიკორა ტრეიდის“ განცხადებაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.