ნიკოლოზ სამხარაძე - რადას ვიცე-სპიკერის თქმით, პოდოლიაკის განცხადება არ არის უკრაინის ოფიციალური პოზიცია, მას აქვს მრჩევლის სტატუსი და ვერ იქნება უკრაინის პოზიციის გამხმოვანებელი
პარლამენტის საგარეო უერთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, საინტერესო და მეგობრული შეხვედრა გაიმართა უკრაინის საპარლამენტო დელეგაციასთან, რომელსაც რადას პირველი ვიცე-სპიკერი ხელმძღვანელობს.
სამხარაძის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიხეილ პოდოლიაკის გუშინდელ განცხადებას, რომელიც, მისივე განმარტებით, არ უწყობს ხელს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს.
„გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა არა მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელშიც ერთიანი ვართ და ერთიანი პოზიციებით გამოვდივართ, არამედ თუნდაც, ისეთ საკითხებზე, რაც დღეს გახდა ცნობილი – პოდოლიაკის განცხადება, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, უკრაინის რადას პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ პოდოლიაკის განცხადება არ არის უკრაინის ოფიციალური პოზიცია.
„მან ეს განცხადება არ იცოდა, განცხადება გავაცანით და მისი თქმით, ეს არ არის უკრაინის ოფიციალური პოზიცია. ასევე თქვა, რომ პოდოლიაკს აქვს მრჩევლის სტატუსი. შესაბამისად, ის ვერ იქნება უკრაინის ოფიციალური პოზიციის გამხმოვანებელი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, უკრაინულმა დელეგაციამ საქართველოს დელეგაციას გადაუხადა მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას საერთაშორისო პლატფორმებზე.
„ძალიან ბევრი მადლობა მივიღეთ უკრაინული დელეგაციისგან იმ დახმარებისთვის, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას საერთაშორისო პლატფორმებზე და გვთხოვეს, ეს დახმარება აუცილებლად გაგრძელდეს, რადგან უკრაინისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ასეთი მხარდაჭერა დიპლომატიურ ფრონტზე. ასევე, გვქონდა საუბარი საპარლამენტო ურთიერთობების მეტად გაღრმავებაზე. ჩვენ ვისაუბრეთ მოახლოებულ ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო განზომილებაზე, სადაც საქართველო აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და ეს ფორუმი გაიმართება ოქტომბრის ბოლოს.
ასევე, საუბარი იყო უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობაზე საქართველოში. მათ ძალიან დიდი მადლობა გადაგვიხადეს იმ სითბოსთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მათ მიმართ გამოხატავს. საუბარი იყო სანქციებზე. რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის საშიშროებაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია ექნება შესაძლო სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია პირდაპირ ჩვენ მოგვაწოდონ და ჩვენ ამ საქმით დავინტერესდებით, მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ, თუმცა ფაქტობრივად შევთანხმდით, რომ არ ყოფილა აქამდე არანაირი ფაქტი იმისა, რომ სანქცირებული პროდუქცია ან სანქცირებულ კომპანიებს საქართველოს გვერდის ავლით რაიმე ურთიერთობები დაემყარებინოთ რუსეთთან. შეხვედრას ძალიან პოზიტიურად შევაფასებდი, ძალიან მეგობრული შეხვედრა იყო და უკრაინას დავუდასტურეთ სრული მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მათ ბრძოლაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.