ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ედუარდ აღაჯანიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც, როგორც აღინიშნა, სომხეთისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო კომიტეტების ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს.
მემორანდუმის ფარგლებში ყოველ წელს სომხეთისა და საქართველოს საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ სხდომებს გამართავენ.
„დღეს საქართველოს პარლამენტში ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და მას მისცემს ინტსიტუციონალურ სახეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წელს ვზეიმობთ 30 წლის იუბილეს დიპლომატიური ურთიერთობებისა, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობები ითვლის არა 30 წელს, არამედ რამდენიმე ათეულ საუკუნეს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყოველ წელს ქართული და სომხური პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები გამართავენ ერთობლივ სხდომებს, ასევე ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები მეტ სარგებელს მისცემს ორივე მხარეს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთობლივი განცხადებისას.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ედუარდ აღაჯანიანის განცხადებით კი, სხვადასხვა სფეროში საქართველოსთან პროდუქტიული თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. მისივე თქმით, ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები.
„მინდა, ჩემს ქართველ კოლეგებს დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი თბილი მიღებისთვის. საქართველოსთან პროდუქტიული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რაც დაფიქსირებულია სომხეთის მთავრობის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები და გაფორმებული მემორანდუმი სტიმული იქნება ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ჩემმა კოლეგამ უკვე აღნიშნა ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დადგება მემორანდუმის გაფორმების შემდგომ. კოლეგასთან გავნიხილეთ რეგიონში უსაფთხოების საკითხები. სომხეთი დაინტერესებულია რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებით და ამ ურთიერთობების გამყარებით. ამ კონტექსტში საქართველოს და სომხეთს შორის ურთიერთობები გარანტიაა ამ ურთიერთობების. როგორც იცით, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები დღეს აქტუალურია. ქართველი კოლეგების მხრიდან არის მზადყოფნა, რეგიონში განმტკიცდეს მშვიდობა. გულწრფელი ნებაა გამოხატული ქართული მხარის მხრიდან, რომ მედიატორის როლი შეასრულოს ურთიერთობების დარეგულირებისთვის. ზუსტად ეს საკითხები იქნება განხილული აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში და მოხარული ვარ, რომ გავაფორმეთ ეს მემორანდუმი“, – განაცხადა ედუარდ აღაჯანიანმა.