ნიკოლოზ სამხარაძე - შალვა ნათელაშვილი ერთგვარ ქართველ ჟირინოვსკად გადაიქცა და მის განცხადებებზე სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ
შალვა ნათელაშვილი თავისი ანტიევროპული, ანტიდასავლური და ახლა უკვე ანტითურქული განცხადებებით გამოირჩევა. ის თავს ესხმის ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ნათელაშვილი „ერთგვარ ქართველ ჟირინოვსკად გადაიქცა“.
„ამიტომ მის განცხადებებზე სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ფაქტს, თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ თურქული საბანკო სისტემა ამ ბარათებს აღიქვამს, როგორც რუსულ ბარათებს. შესაბამისად, ამიტომ მოხდა ეს გაუგებრობა, თუმცა მან ასევე დაადასტურა, რომ ისინი ყურადღებას მიაქცევენ ამ საკითხს და არანაირი გადახვევა არ იქნება თურქეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით. ანუ, ამ მხრივ, მგონი, თურქეთის ელჩის განცხადება დამაკმაყოფილებელია და მომხდარ გაუგებრობას ალბათ ძალიან მალე აღმოფხვრიან“, – განაცხადა სამხარაძემ.