ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთს თუ რაიმე შეაჩერებს, ეს არის საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება
სერგეი ლავროვის განცხადება მართლაც შემაშფოთებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრით, ეს არის უბრალოდ ფონის და ნიადაგის შექმნა სამხედრო ინტერვენციისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, არანაირი იურიდიული გარანტია იმის, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, არ იქნება, მით უმეტეს, წერილობითი სახით.
„ნატო-ს გაცხადებული აქვს ღია კარისა და გაფართოების სტრატეგია. ნათელია, რომ პუტინის ამ შეთავაზებაზე უარი იქნება. ამის შემდეგ ველოდები, რუსეთი იტყვის, რომ ვინაიდან, ნატო არ აპირებს შეაჩეროს აღმოსავლეთით გაფართოება, ის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც მისი უსაფრთხოებისთვის იქნება აუცილებელი და ამისთვის ერთგვარ ფონს შეიქმნის, რათა შესაძლო სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს, რისთვისაც როგორც ჩანს, ის ემზადება, რადგან 100 ათასი ჯარისკაცის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან, ტყუილად არ ხდება ხოლმე. ეს ყველაფერი ლოგიკურად ეწყობა ერთ დიდ სურათში, რომ რუსეთი აპირებს, კიდევ უფრო მეტი აგრესიული ნაბიჯების გადადგმას. კარგად ვიცით, რომ რუსეთის ინტერესში არა მხოლოდ უკრაინა შედის, არამედ მას საქართველოზეც აქვს ძალიან დიდი ინტერესი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც ამ პოლიტიკაში ჯდება. აქედან გამომდინარე, თუ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია მოხდა, რა თქმა უნდა, ეს მძიმე დარტყმა იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის. დიდწილად დამოკიდებული იქნება შემდგომი განვითარება მოვლენების ასევე დასავლეთზე. ჩვენ ნატო-ს მინისტერიალზე ძალიან მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები ვიხილეთ, თუმცა ერთია, მხარდაჭერა და მეორეა – უშუალოდ ქმედითი მხარდაჭერა, რასაც ჩვენც და უკრაინაც ვსაჭიროებთ. საბოლოო ჯამში, ეს მხარდაჭერა უნდა გადაითარგმნოს ნატო-ს წევრობაში, რაც არის მთავარი მიზანი. თუ რუსეთს რაიმე შეაჩერებს, ეს არის ის, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდნენ“, – განაცხადა სამხარაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია. მისივე თქმით, ცეცხლს ეთამაშება ის, ვინც მუდმივად იმეორებს ბუქარესტის თეზისს და ამტკიცებს, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხებში მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია.