ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთს არავინ ეკითხება, საქართველო რა გზას აირჩევს და რომელ ალიანსში გაწევრიანდება
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს სწორედ იმ გადაწყვეტილებით ვხვდებით, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო და რუსეთი გამტყუნდა ადამიანის უფლებების დარღვევაში მთელი რიგი მუხლებით, – ამის შესახებ პარლამენტის ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტია, რათა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა მსოფლიოში არავინ აღიაროს.
„ეს საქართველოს ხელში ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტია, რათა მსოფლიოში არავინ აღიაროს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა, საერთაშორისო სამართალში მეტად წელგამართული ვიქნებით. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, რუსეთის წინააღმდეგ საქმე შეტანილია ჰააგაში. იქაც ვაპირებთ, რომ ეს საქმე მოვიგოთ. სახელმწიფოს მიერ აღებული კურსი გაგრძელდება და იქაც ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან კარგად იციან, რა პოზიცია აქვს რუსეთს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება რუდენკოს განცხადებას, ჩვენთვის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. ვიცით, თუ რა პოზიცია აქვს რუსეთს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. რუსეთს არავინ ეკითხება, საქართველო რა გზით განვითარდება, რა გზას აირჩევს და რომელ ალიანში გაწევრიანდება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. რუსეთის მიზანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში არანაირი წინსვლა და პროგრესი არ იყოს. სამწუხაროდ, ისინი ამას ახერხებენ. ამ ფორმატში ვართ, რადგან ერთადერთია, სადაც მონაწილეობს ეუთო, გაერო, ევროკავშირი, ამერიკა, ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ფორმატში მოლაპარაკებები გაგრძელდეს იმის მიუხედავად, რომ სამწუხაროდ, პროგრესი ჯერ არ არის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში განაცხადა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში.