ანდრეი რუდენკო - საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში
ანდრეი რუდენკო - საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში

საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, ჩვენი აზრით, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს კიდევ უფრო მეტ ესკალაციას, დაძაბულობას და გაურკვევლობას რეგიონში, – როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში განაცხადა.

რუდენკომ უპასუხა კითხვას, რომელის მიხედვითაც საქართველო აპირებს, 2024 წელს შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და კვლავ მიისწაფის ნატო-სკენ.

„ჩვენ ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს, როცა ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს სიგნალები ნატო-ს წევრობის თაობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ იმ დროს სააკაშვილმა ეს მიიღო როგორც გარკვეული სიგნალი, კარტ-ბლანში ძალისმიერი ოპერაციებისთვის. რითი დამთავრდა ეს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და დღემდე ამაზე ვმუშაობთ. ევროპისკენ და ნატო-სკენ სწრაფვაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი აზრით, გაუმართლებელი არჩევანია და არ არის საჭირო. ქართველმა პოლიტიკოსებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ, სტრაბილურობასა და პროგნოზირებად სიტუაციაში ცხოვრება, თუ მუდმივად შეჯახება არასანდოობასთან, რომელიც უფრო განმტკიცდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში“, – განაცხადა რუდენკომ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი იმართება.

დატოვე კომენტარი