ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთისა და ოპოზიციის გეგმები ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებული განცხადება ოპოზიციის ნარატივს ემთხვევა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის დღეს გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის განცხადების კომენტირებისას სამხარაძემ აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ურთიერთობა გაუფუჭოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან და, ამასთან, იმავეს ცდილობს ოპოზიცია.
„ნიშანდობლივია, რომ ზუსტად იმ დროს გავრცელდა ეს ყველაფერი, როდესაც ევროკავშირმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა მედიაციის საკითხებში და ის დღე-დღეზე უნდა ჩამოვიდეს. ასევე, საინტერესოა, რომ ბატონი ნარიშკინის განცხადება ერთი-ერთში ემთხვევა ხოლმე იმ განცხადებებს, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ. რუსეთის ნარატივი და ოპოზიციის ერთმანეთს დაემთხვა, ისევე, როგორც ემთხვევა ხოლმე გავრილოვისა და ოპოზიციის ნარატივი.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ამას სწორედ იმიტომ წერს, რომ მათი მიზანია, ბზარი შეიტანონ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და გააფუჭონ ეს ურთიერთობები. მათ არ სურთ, რომ საქართველო დაუახლოვდეს აშშ-სა და ევროკავშირს, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ ეს ურთიერთობები გააფუჭონ. იმავეს ცდილობს ჩვენი ოპოზიცია. ამ შემთხვევაში, რუსეთისა და ჩვენი ოპოზიციის გეგმები და მისწრაფებები ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს“, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს ნიკოლოზ სამხარაძემ.