ნიკოლოზ სამხარაძე - პირველი არხის ახალი შენობის გახსნას ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდეს ძლიერი ადგილი ეროვნულ მედიაში
ნიკოლოზ სამხარაძე - პირველი არხის ახალი შენობის გახსნას ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდეს ძლიერი ადგილი ეროვნულ მედიაში

თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდეს ძლიერი ადგილი ეროვნულ მედიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის ახალი შენობის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

სამხარაძემ, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს მსგავსი შენობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს რაც შეეხება, ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ითვლება ყველაზე ობიექტური ინფორმაციის მომწოდებლად. მისი ინფორმაციის უტყუარობა არის საფუძველი იმისა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პროცესში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდეს ძლიერი ადგილი, ზოგადად, ეროვნულ მედიაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თითოეულ თანამშრომელს ახალი შენობის გახსნა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.