ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას აქვს მშვენიერი შესაძლებლობა, რომ მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში
„ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას საქმე შესაძლოა, საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოსაჩენად ხელს აძლევდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა შესაძლოა, ისიც იყოს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს დააჯერონ, თითქოს საქართველოში ოპოზიცია იდევნება.
„ნიკა მელიას საქმე წმინდად სამართლებრივი საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ კანონით გაწერილია პროცედურები, რა უნდა გაიაროს როგორც პროკურატურამ, ასევე ნიკა მელიამ. რაც შეეხება მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, ის განპირობებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ მელიას განცხადებაში ნათქვამი იყო, თითქოს „ქართული ოცნება“ გირაოს გადახდას აპირებს, რაც სრული აბსურდია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას საქმე შესაძლოა ხელს აძლევდეს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩინებისა და ასევე იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორები დააჯერონ – საქართველოში ოპოზიციის ლიდერებს დაუსაბუთებელი ბრალდებით დევნიან. ეს არის მათი მთავარი გეგმა და ამოცანა, თუმცა მეორეა სამართლებრივი საკითხი. ნიკა მელიას აქვს თავისუფლება და მშვენიერი შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. მელია აცხადებს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.