ნიკა მელია - ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა, გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ
ნიკა მელია - ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა, გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ

ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა, გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, დააკარგვინა წონასწორობა „ქართულ ოცნებას“ და აიჭრნენ. უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო – პროკურატურა, არამედ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე.

პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე – თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი. ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი სიმაღლე, პოლიტიკური აღვირახსნილობის და უტიფრობის ტრიუმფი. რაღა დაგიმალოთ და გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად.

მოკლედ, ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა – მოგიწევთ იმის გამოცხადება, რას აპირებთ! მე გირაოს გადახდას არ ვაპირებ. ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!“,- წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ეწურება.