ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, ჯუ-ჰო იონგის და ასამბლეის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„მიმოიხილეს როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო სფეროების დაახლოების პერსპექტივები. ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები საპასუხო ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში მიიწვია.
ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს როგორც რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინორმაციაში.
მათივე ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„კორეის რესპუბლიკასთან ჩვენ დაწყებული გვაქვს საუბარი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან მალე დასრულდება. შეხვედრისას საუბარი ასევე იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკაში უვიზო რეჟიმის შემოღებასა და წლის ბოლომდე საქართველოში კორეის რესპუბლიკის სრულფასოვანი საელჩოს გახსნის შესახებ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.