ნიკოლოზ სამხარაძე - კანდიდატის სტატუსს იღებს ქვეყანა თავისი ხალხით და მთავრობით, დიდი იმედი მაქვს, ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება
სტატუსს იღებს ქვეყანა თავისი ხალხით და თავისი მთავრობით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძე იმედოვნებს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება.
„ხალხისა და მთავრობის ერთმანეთისგან გაყოფა წარმოუდგენელია, რადგან სწორედ ხალხი ირჩევს მთავრობას. შესაბამისად, ყველა მთავრობა ხალხის წარმომადგენელია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეა. როცა იმაზე ვსაუბრობთ, ვინ იღებს სტატუსს, სტატუსს იღებს ქვეყანა თავისი ხალხით და თავისი მთავრობით. დიდი იმედი მაქვს, ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური.
რაც შეეხება ოპოზიციას, ძალიან მარტივი ბიბლიური ჭეშმარიტება არსებობს – არაფერი არ არის დაფარული, რაც არ გაცხადდება. საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ისინი ამის წინააღმდეგ მუშაობდნენ და ამის ფაქტები გვქონდა. ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებოდნენ, ახლა უკვე საუბარი დაიწყეს ოპოზიციის შიგნითაც. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამაზე რაც უფრო მეტი ოპოზიციონერი ილაპარაკებს ღიად, მით უფრო კარგი იქნება საზოგადოებისთვის, რადგან უნდა იცოდნენ, ვინ არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი, ვინ მტრობს და ვინ ღალატობს საქართველოს ინტერესებს. მომავალი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.