ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენს პარტნიორებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვთხოვეთ, იფიქრონ უფრო მკაფიო და გაწერილ ისეთ სამოქმედო გეგმაზე, როგორიც აქვს ევროკავშირს
ჩვენს პარტნიორებსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვთხოვეთ, იფიქრონ უფრო მკაფიო და გაწერილ სამოქმედო გეგმაზე, როგორიც აქვს ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე წარადგინა ანგარიში, რა გაკეთდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და დემოკრატიზაციის რეფორმებით მიმართულებით.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, პარტნიორებისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის გზავნილები მიიღეს.
„ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა საქართველოს როგორც ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირში წევრობას, ასევე ნატო-ში წევრობას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ასევე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით. შეხვედრაზე ძალიან მეგობრული და თბილი ატმოსფერო იყო, შეხვედრის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვართ.
ჩვენს პარტნიორებსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვთხოვეთ, იფიქრონ უფრო მკაფიო და გაწერილ სამოქმედო გეგმაზე. დაახლოებით ისეთ გეგმაზე, როგორიც აქვს ევროკავშირს, რომ თითოეულ ნაბიჯს მოჰყვებოდეს პროგრესი ნატო-ს ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც უფრო მარტივი იქნება სახელმძღვანელოდ, რადგან გვეცოდინება, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმის დასრულების შემდეგ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ წევრობის გზაზე. ასევე, დისკუსია იყო ვაშინგტონის სამიტის შესახებ. იმედია, აქაც ბოლომდე წარმოდგენილი ვიქნებით მაღალ დონეზე და ამ სამიტზეც იქნება საუბარი, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენ შორის ურთიერთობები, რაც, საბოლოო ჯამში, წევრობამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.