ნიკოლოზ სამხარაძე - ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩინეთი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი თავად ევროკავშირისთვისაც
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განაცხადებით, საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ჩინეთი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი თავად ევროკავშირისთვისაც.
„სულ რაღაც ათი დღის წინ ჩინეთ-ევროკავშირის სამიტიც კი გაიმართა. ჩინეთი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ჩინეთი არის მნიშვნელოვანი მოთამაშე, რათა შუა დერეფანი ბოლომდე იყოს ათვისებული და მაქსიმალურად იყოს გამოყენებული მისი პოტენციალი. ამიტომ, ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩინეთთან მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამასთან, როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს რუსეთთან მიმართებით გაცხადებული, მკაფიო პოლიტიკა აქვს.
„მთელ მსოფლიოში ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთთან მიმართებით გვაქვს კონკრეტული წითელი ხაზები. ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, საგარეო პოლიტიკური არჩევანი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. რაც შეეხება ეკონომიკურ და სავაჭრო ნაწილს, აქაც ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთთან გვაქვს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნისთვის და ჩვენი ეკონომიკის გარკვეული სეგმენტებისთვის სავაჭრო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს, არც ჩვენს საზოგადოებასთან და არც საერთაშორისო საზოგადოებასთან. გაცხადებული, ღია და მკაფიო პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან მიმართებით. ეს პოლიტიკა მხარდაჭერილია როგორც ქართული საზოგადოების მიერ, ასევე ამასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – აღნიშნა სამხარაძემ.