ნიკოლოზ სამხარაძე - ჩინეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ის ჩვენი მოკავშირეა
ჩინეთთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა საინტერესოა ორი მიმართულებით – პირველი, ეს არის პოლიტიკური მიმართულება და ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„ჩინეთი არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ხუთი წევრიდან ერთ-ერთი და, შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. აქ ჩინეთი ბუნებრივად არის ჩვენი მოკავშირე, რადგან ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მისთვისაც არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ტაივანის საკითხიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩვენი და ჩინეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ, ორივეს, გვინდა, გაერო-ს ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის ფუძემდებლური პრინციპი იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, სტრატეგიული ურთიერთობის მეორე მიმართულება არის ეკონომიკური მიმართულება.
„შუა დერეფანი მნიშვნელოვანი არტერიაა ევროპა-აზიის დასაკავშირებლად, მაგრამ შუა დერეფანს ვერ შეავსებს ქართული, აზერბაიჯანული ან თუნდაც ყაზახური და უზბეკური ტვირთები. იმისთვის, რომ შუა დერეფანმა მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს და ეს პოტენციალი მაქსიმალურად იქნას ათვისებული, აუცილებელია, ამ დერეფანში ჩინურმა ტვირთებმაც იმოძრაონ. ამიტომ ჩვენთვის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად აითვისოს სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც არსებობს, რომლისკენაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია, მივისწრაფვით, ვიყოთ სატრანზიტო ჰაბი. იგივე ეხება ანაკლიის პორტსაც“, – განაცხადა სამხარაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ჩინეთის მონაწილეობის აღდგენა ანაკლიის პორტის მშენებლობაში და დგას თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი იქნება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება, თუმცა ნაწილი გასხვისდება და ამ ნაწილში ინვესტორებმა უნდა ჩადონ ფული პორტის მშენებლობა-განვითარებაში.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ნაწილში ის ფაქტი, რომ ჩინეთ-რუსეთი ერთმანეთის პარტნიორებად ყალიბდებიან და ეს პარტნიორობა, გარკვეული თვალსაზრისით, რუსეთიდან მომდინარე აგრესიის პრევენციასაც უნდა გულისხმობდეს, რადგან რუსეთს ჩინეთის ინტერესებთან დაპირისპირება არ უნდა უნდოდეს, ამ შემთხვევაში კავკასიის რეგიონში, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ, რაც უფრო დიდი ქვეყანა იქნება დაინტერესებული საქართველოში მშვიდობით, სტაბილურობით და თუნდაც შუა დერეფნის უსაფრთხო განვითარებით, ეს მით უკეთესია საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
„შესაბამისად, როდესაც ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ეს უსაფრთხოების ფაქტორიც ასევე გასათვალისწინებელია და ამ მხრივაც არ უნდა დავაკნინოთ ამ ურთიერთობების მნიშვნელობა“, – განაცხადა სამხარაძემ.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას ხედავს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რა შეიძლება, იყოს სარგებლის მომტანი და ჩინეთთან ურთიერთობების შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
მისივე თქმით, როგორ გამოიყენებენ სტრატეგიულ ურთიერთობებს და რა სარგებელს მოუტანენ ქვეყანას, არის მოქმედი ხელისუფლების და შემდგომში, მომავალი ხელისუფლებების პასუხისმგებლობა.
„სტრატეგიული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა არ არის სადმე ფურცელზე ჩამოწერილი, როგორი უნდა იყოს. ამას თვითონ გადაწყვეტს ის ორი ქვეყანა, რომელიც ამ ურთიერთობას ამყარებს და, შესაბამისად, ეს იქნება დამოკიდებული ჩვენს ხელისუფლებებზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.