ნიკოლოზ ქარცივაძე - რუხის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია
ნიკოლოზ ქარცივაძე - რუხის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია

რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა.

„მის მდგომარეობაში ცვლილება არ ყოფილა, სტაბილური რჩება. პაციენტს არ აქვს რესპირატორული ინფექციის არსებითი სიმპტომები, სტაბილურად გრძელდება მკურნალობა და მდგომარეობაც არ გაუარესებულა“, – განაცხადა ქარცივაძემ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, გუშინ რუხის მულტიფუნქციური კლინიკიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით 15 ტესტი გაიგზავნა, მათ შორის 10 მედპერსონალის წარმომადგენელია, ხუთი კი, პაციენტი. ყველა პასუხი უარყოფითია.

ნიკოლოზ ქარცივაძემ მცირეწლოვან ბავშვზეც ისაუბრა, რომელიც კლინიკაში გუშინ ცხელებით შეიყვანეს.

„სამი ბავშვი გვყავდა გუშინ და ყველას კვლევის პასუხი უარყოფითია. სავარაუდოდ დღეს გავწერთ ყველას“, – განაცხადა მან.

დღევანდელი მონაცემებით, რუხის კლინიკაში სულ ექვსი პაციენტი მკურნალობს, აქედან მხოლოდ ერთია კოვიდინფიცირებული.