ნიკოლოზ მეტრეველი - საქართველოს პირველმა არხმა 19 მარტს აუცილებლად საყურებელი გადაცემა გააკეთა, რომელმაც ბევრ კითხვას გასცა არგუმენტირებული პასუხი
„კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის” დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი საქართველოს პირველი არხის გადაცემას „თავისუფალი ხედვა“ ეხმაურება, რომელშიც დისკუსია „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევასთან დაკავშირებით გაიმართა.
მეტრეველი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ გადაცემამ ბევრ კითხვას არგუმენტირებული პასუხი გასცა.
„ვფიქრობ, აუცილებლად საყურებელი გადაცემა გააკეთა 19 მარტს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელმაც ბევრ კითხვას გასცა არგუმენტირებული პასუხი.
სამწუხაროდ, ძირითად შემთხვევებში საქმე გვაქვს მასიურ მიზანმიმართულ სისტემურ დეზინფორმაციასთან. საუბარია, კონკრეტულ დაჯგუფებებზე, რომლებიც ცდილობენ, ბინძური მეთოდებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მაქსიმალურად ცუდად წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე. არ ვასახელებ ზემოთ აღნიშნულ აქტორებს, რადგან გადაცემის ყურების შემდგომ მაყურებელი მარტივად გაიგებს სიმართლეს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს.
მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკურ გუნდს. მსგავსი გადაცემები ნამდვილად ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ ჯანსაღ განვითარებას“, – წერს „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის” დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი.
საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“). კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.
ამასთან, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია 19 მარტს საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.