ნიკოლოზ გამყრელიძე - ყველა ვფიქრობთ, რომ დაცულები ვართ, მეც ასე მეგონა, მაგრამ დავინფიცირდი
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულებს შორის არის კორპორაცია „ევექსის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელიც ამჟამად სავალდებულო კარანტინს გადის.
საქართველოს პირველ არხთან დისტანციურად ჩაწერილ ინტერვიუში მან გაიხსენა, როგორ წარიმართა მისი მკურნალობის პროცესი.
„ყველა ვფიქრობთ, რომ დაცულები ვართ. მეც ასე მეგონა, მაგრამ დავინფიცირდი“, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
მან ოთხი დღის წინ დატოვა კლინიკა, სადაც 26 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიული კვლევის პასუხი მამამ, ამირან გამყრელიძემ შეატყობინა. მან აღნიშნა, რომ დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა, დაბალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნებოდა.
ნიკოლოზ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში საზოგადოების პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია.