ნიკოლოზ გაგუა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობას უზრუნველყოფს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის მდგრადობას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ცალსახად გაუსვა ხაზი გასულ წელს მიღწეულ პროგრესს, რომელიც გამოირჩევა არა მარტო მაღალი ეკონომიკური ზრდით, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების გადაჭარბებით შესრულების მიმართულებით.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა. მათ მიერ დადებითად არის შეფასებული არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების შესრულება, როგორიცაა: ფინანსური რესურსის ათვისების მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური მიმართულებით, მიმდინარე ხარჯების კონტროლი, ბიუჯეტის დეფიციტის დაბალი დონე, დღგ-ის დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება. ასევე, მისიის წევრთა შეფასებაში ხაზგასმულია ჩვენი სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ეს რეფორმები საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს ეკონომიკის ზრდის პოტენციალი, გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა, ხელი შეეწყოს კერძო სექტორის საქმიანობასა და სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
მისი თქმით, არსებობს ყველა საფუძველი, რომ აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის ვიზიტიც წარმატებული იქნება.
სსფ-ის მისია, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტით მიმდინარე წლის 5-11 თებერვალს იმყოფებოდა. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება. როგორც ვიზიტის დასრულებისას ვერა-მარტინმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია, წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ის 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება, ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივაც სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს, ინფლაცია კი, მიზნობრივ მაჩვენებელს – წლიურ 3 პროცენტს 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება. ასევე, მისი თქმით, 2020 ბიუჯეტი მართებულად ინარჩუნებს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას, ასევე სსფ-ის გუნდი მიესალმება ხელისუფლების ძალისხმევას დღგ-ს ანაზღაურების დაჩქარების მიმართულებით, ანაზღაურების ავტომატური სისტემის შემოღებით; ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩოს დასასრულებლად და სახელმწიფო საწარმოების მართვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს.