მერსედეს ვერა-მარტინი - სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე საჭირო იქნება
მერსედეს ვერა-მარტინი - სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე საჭირო იქნება

საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია. წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სსფ-ის მისია, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტით მიმდინარე წლის 5-11 თებერვალს იმყოფებოდა. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება.

ვიზიტის დასასრულს ვერა-მარტინმა განცხადება  გააკეთა.

მისი თქმით, წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც ფონდის  4.6 პროცენტიან პროგნოზს აჭარბებს, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე – მშპ-ის 4.4 პროცენტამდე.

„იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავდ. ექსპორტი კი, 12 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნდა, რაც ნაწილობრივ ბანკებისთვის უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით იყო განპირობებული. შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 პროცენტამდე) ისე, რომ ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა და მშპ-ს 2.1 პროცენტი შეადგინა. ინფლაცია 2019 წლის ბოლოს 7 პროცენტი იყო, შემდეგ იკლო და იანვარში 6.4 პროცენტი შეადგინა წინა წელთან შედარებით“, – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს.

„რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, ასევე ერთჯერადი ფაქტორების გავლენის მილევასთან ერთად. გაურკვეველი საერთაშორისო პერსპექტივა მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების დაგროვებას და გონივრული მაკრო პოლიტიკის გაგრძელებას“, – განაცხადა ვერა-მარტინმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სსფ-ს გუნდი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე ეს საჭირო იქნება და ასევე, განახორციელოს პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა.

„2020 ბიუჯეტი მართებულად ინარჩუნებს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას. ფისკალური დეფიციტი 2020 წელს იზრდება მშპ-ს 2.4 პროცენტამდე, 2019 წლის 2.1 პროცენტთან შედარებით. სსფ-ის გუნდი მიესალმება ხელისუფლების ძალისხმევას დღგ-ს ანაზღაურების დაჩქარების მიმართულებით, ანაზღაურების ავტომატური სისტემის შემოღებით; ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩოს დასასრულებლად და სახელმწიფო საწარმოების მართვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ხელისუფლება იყოს ყურადღებით, რომ არ მოხდეს ფისკალური რისკების დაგროვება“, – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელძღვანელმა.

მერსედეს ვერა-მარტინმა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გასაზრდელად და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საშუალოვადიან პერიოდში. მისია იწონებს ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო მექანიზმის ამოქმედებას და გადახდისუუნარობის კანონის მიღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. არსებული ვითარება რეფორმების გაგრძელების საშუალებას იძლევა, ვგულისხმობთ საბაზისო პენსიებისთვის ინდექსირების წესის შემოღებას, ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საჭიროებების დაკმაყოფილებას და განათლების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

სსფ-ს მისია ელოდება დისკუსიის გაგრძელებას ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის ფარგლებში მიმდინარე წლის აპრილში“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ სსფ-ს გუნდი მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებასა და ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეებს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გულახდილი განხილვებისთვის.

ინფორმაცია მისიის ვიზიტის დასრულების შესახებ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.