ნიკოლოზ გაგუა - დაგროვებით პენსიაზე ყველა შენატანი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან
ნიკოლოზ გაგუა - დაგროვებით პენსიაზე ყველა შენატანი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან

დაგროვებით პენსიაზე ყველა შენატანი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. ახალი სისტემის პრეზენტაციის შემდეგ, მან ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ გადაწყდა, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გარკვეული კატეგორიის დასაქმებულებისთვის ჩართვა სავალდებულო იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩართულობა იყოს ფართო, მაქსიმალური. ასევე, არსებობს საერთაშორისო გამოცდილებები ამ თვალსაზრისით. პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო ექსპერტმა გვირჩია აღნიშნული მიმართულებით გადაგვედგა ნაბიჯები და ეს არის ის მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი რეალობისთვის. საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს 6%-იან შენატანის განხორციელებას. აქედან, 2%-ს იხდის დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, ხოლო 2%-ს სუბსიდიის სახით, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაუხდის მთავრობა, სისტემაში მონაწილეს – ეს არის მთავრობის შენატანი. 

ყველა შენატანი გათავისუფლებულია გადასახადისგან, რაც არის უპრეცედენტო შეღავათი და პრაქტიკულად, სახელმწიფოს შენატანი არა 2%-ია, იქედან გამომდინარე, რომ დასაქმებულის და დამსაქმებლის შენატანი გათავისუფლებულია გადასახადისგან, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს შენატანი 2,8%-ია. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. შესაბამისი ხარჯები უკვე ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში. 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება რეფორმა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ და დასძინა, რომ პენსიაზე გასვლის ასაკი არ შეიცვლება და ქალებისთვის 60 და მამაკაცებისთვის 65 წელი იქნება. 

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.