ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - ფარული ჩანაწერები არის შხამი, რომლითაც ქვეყანა მოშხამეს, ეშმაკი ეკლესიას დანგრევით ემუქრება
ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრე და ამ ფიქრის შედეგად, ჩემი აზრია, რომ ეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა. ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, ეს სხვა საკითხია, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, „ეშმაკი ეკლესიის დანგრევით იმუქრება“.
„ნებისმიერ შხამს აქვს ანტიშხამი. ამ შხამის საწინააღმდეგო შხამი არის დუმილი, აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, ვინ რას იმუქრება, მაგრამ მთავარი მუქარა არის ის, რომ ეშმაკი გვემუქრება, რომ ეკლესიას დაანგრევს და მოსპობს“, – განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებენ თუ არა რაიმე ღონისძიების გატარებას დეკანოზ ილია ჭიღლაძის მიმართ, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პასუხობს:
„დაყენებულია უკვე მამა ილია ჭიღლაძის საკითხი წმინდა სინოდზე. იყო ამაზე ლაპარაკი, კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი შემდეგი სინოდისთვის. ალბათ, კომისია მოგვახსენებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გუშინ გამოაქვეყნა ფეისბუქპოსტი, სადაც იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც მოხსენიებული არიან კრებსებში, 29 სექტემბრამდე ვადას აძლევს, დატოვონ ეპარქიები, სინოდი და ხარისხი (წოდება), წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად წერს, გარკვეულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.