ნიკოლოზ ჩხეტიანი - ფონდი „ქართუ“ სესხების განულებისთვის მზად არის, ველოდებით სიებს
ნიკოლოზ ჩხეტიანი - ფონდი „ქართუ“ სესხების განულებისთვის მზად არის, ველოდებით სიებს

ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს სესხების პატიების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ, ტექნიკურად მზად არის, თუმცა, ამ ეტაპზე სიების დაზუსტება მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველ არხს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს უპრეცედენტო აქციაა, რომელშიც ასიათასობით მოქალაქე მონაწილეობს და საჭიროა ბენეფიციართა მონაცემების დაზუსტება.

ჩხეტიანის განცხადებით, ვალების პატიების პროგრამაში ყველა მსხვილი საკრედიტო ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის „ვივუსი“. ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები საფინანსო ორგანიზაციებთან ამ დრომდე გრძელდება.

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ვერ აკონკრეტებს ზუსტ თარიღს, როდის დაიწყება სესხების პატიების პროცესი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს 15 დეკემბერამდე დაიწყოს.

საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.