ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო. მან ხორვატ ბორნა ჩორიჩთან ორსაათნახევარში, ანგარიშით- 6:4, 2:6, 6:7(1) წააგო.
პირველი სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და მეტოქე ბრეიკ-პოინტის გარეშე დატოვა. თავად ბასილაშვილმა მესამე გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ბრეიკი მესამე ცდაზე შეასრულა, რითაც პარტიაში მოგება მიითვალა.
მეორე სეტიდან ინიციატივა ხორვატმა მოიპოვა. ჩორიჩმა ორმაგი ბრეიკით დაწინაურება შეძლო – 5:0. მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა ბასილაშვილი და ერთი დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, თუმცა, 2:5-ზე საკუთარი გეიმი და მასთან ერთად სეტი წააგო.
ჩორიჩს მეორე პარტიაში მოპოვებული ინიციატივა მესამე სეტში გადაყვა და ნახევარფინალთან ახლოს მივიდა. ხორვატმა მეოთხე გეიმში ბრეიკი შეასრულა და ანგარიში 4:1 წაიყვანა. როცა ჩორიჩი გამარჯვებას ძალიან მიუახლოვდა, ბასილაშვილმა თამაშის ბედის შემოტრიალება შეძლო. მეშვიდე გეიმში ქართველმა უკუბრეიკი შეასრულა და თანაფარდობა აღდგა. ამის შემდეგ, ნიკას კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და ყველაფერი ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა.
მე-13 გეიმში ჩორიჩმა თავის მოწოდებაზე უშეცდომოდ ითამაშა, სამი მინი-ბრეიკით 6:1 დაწინაურდა და ხუთმაგი მატჩბოლი მოიპოვა. ხორვატმა მატჩი თავის სასარგებლოდ პირველივე ცდაზე დაასრულა.