ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეშვიდედ მოიგო და რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეშვიდედ მოიგო და რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

ტურინში პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა შორის (ATP) წლის შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა. შეჯიბრების გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, რომელმაც ფინალში იტალიელი იანიკ სინერი ორ სეტში, 6:3, 6:3 დაამარცხა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა წლის შემაჯამებელი ტურნირი (მასში რეიტინგის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი მონაწილეობს) კარიერაში მეშვიდედ მოიგო და ამ მხრივ რეკორდი დაამყარა. აქამდე ექვს-ექვსი გამარჯვება მას და როჯერ ფედერერს ჰქონდათ.

იანიკ სინერმა 2023 წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში დაამარცხა და ჰქონდა შანსი, სერბი ჩოგბურთელი ჯგუფშიც ჩაეტოვებინა, თუ ბოლო ტურში ჰოლგერ რუნესთან დამარცხდებოდა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. საბოლოოდ, სერბი ჯგუფიდან ორი გამარჯვებითა და ერთი მარცხით გავიდა, ხოლო ნახევარფინალში კარლოს ალკარასს სძლია.

ფინალური მატჩი ჯოკოვიჩის უპირატესობით დაიწყო. პირველივე სეტში ის 4:1 დაწინაურდა და პარტია ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. მეორე სეტშიც მეტოქის ჩაწოდებაზე პირველივე გეიმი აიღო, სინერს სეტის შუაში თავისი ჩაწოდების დაბრუნება შეეძლო, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

მიმდინარე წელს 36 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ATP-ის შვიდი ტურნირი მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია ყველა ჩოგბურთელს შორის. მან მერვედ დაასრულა კალენდარული წელი მსოფლიოს პირველი ნომრის რანგში და უკვე 400 კვირაა, პირველი ნომრის სტატუსს ფლობს.

ტურინის შემაჯამებელი ღონისძიების მოგებით ჯოკოვიჩმა 1000 სარეიტინგო ქულა დაიცვა (ის შარშანაც ჩემპიონი იყო) და საპრიზო ფონდიდან 2 201 000 ამერიკული დოლარიც მიიღო. ეს ტურნირი მისთვის 98-ეა, რომელიც გამარჯვებით დაასრულა.