ნიკოლოზ აფხაზის მეუღლის პატივსაცემად, კანადაში ვარდის ახალი სახეობა „თავადის ქალი აფხაზი“ გამოიყვანეს
კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქავთარაძემ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოტე აფხაზის შვილის – ნიკოლოზ აფხაზის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გამართა.
კანადაში საქართველოს საელჩომ აფხაზების ოჯახისადმი მიძღვნილი ღონისძიება აფხაზების საცხოვრებელ სახლში გამართა, რომელიც ქალაქ ვიქტორიაში „აფხაზების ბაღად“ არის ცნობილია. საქართველოს ელჩმა და ბაღის ამჟამინდელმა მფლობელმა, კანადური ორგანიზაციის დირექტორმა ქესი არმსტრონგმა საზეიმოდ გახსნეს ბაღში შესასვლელი ახალი ჭიშკარი.
გაიმართა მიღება ქართული ღვინითა და კერძებით. ღონისძიებაზე მოწვეულ ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ბაღის შენარჩუნებისა და გადარჩენისთვის, გააცნო საქართველოსა და აფხაზების ოჯახის ისტორია, წარუდგინა მათი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც საელჩომ საქართველოს ეროვნულმა არქივის დახმარებით მოიძია. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი პირველად ეწვია „აფხაზების ბაღს“.
ბაღის მფლობელი ორგანიზაციის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა საქართველოს ელჩს საჩუქრად გადასცა ბაღში გამოყვანილი ვარდის ახალი სახეობა, რომელსაც ნიკოლოზ აფხაზის მეუღლის პატივსაცემად „თავადის ქალი აფხაზი“ ჰქვია.
ფიონა ჰისლოუმ, რომელიც პირადად იცნობდა ნიკოლოზ აფხაზს, ელჩს გადასცა აფხაზების ოჯახთან დაკავშირებული რამდენიმე წერილი და ფოტომასალა, რომელიც ბოლო ორი ათეული წელია მასთან ინახებოდა.
აღსანიშნავია, რომ 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნიკოლოზ აფხაზი დედასთან, ელენე იოსელიანთან ერთად, იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და პარიზს გახიზნულიყო. კოტე აფხაზი საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 1923 წელს ბოლშევიკებმა კოტე აფხაზი დახვრიტეს, მისი ოჯახი საფრანგეთში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლოზ აფხაზი საფრანგეთის არმიაში მსახურობდა, იგი ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე წელი გერმანულ ბანაკებში გაატარა. ომის შემდეგ, ნიკოლოზ აფხაზი კანადაში გაემგზავრა, სადაც თავის ძველ ნაცნობზე, ბრიტანელ მარჯორი „პეგი“ პემბერტონ-კარტერზე იქორწინა. წყვილი ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვიქტორიაში დასახლდა და იქორწინა. მან მიწის ნაკვეთი შეიძინა და ულამაზესი ბოტანიკური ბაღი გააშენა, რომელიც „აფხაზების ბაღად“ არის ცნობილი.
ნიკოლოზისა და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2000 წელს ბაღის ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენება დააპირეს, თუმცა, ვიქტორიას მოსახლეობამ ბაღის გადარჩენა გადაწყვიტა და შეგროვებული სახსრებით ბაღი გამოისყიდა.