ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ საფრანგეთს მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი უნდა ჰყავდეს
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოუწოდებს პრეზიდენტ მაკრონს, დანიშნოს მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი. სარკოზის აზრით, საფრანგეთი მემარჯვენე ქვეყანაა და მას მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი სჭირდება.
გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში სარკოზიმ, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, განაცხადა, რომ ამ ზაფხულს საფრანგეთში გამართულმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმა და ასევე ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ „საფრანგეთი ისეთი მემარჯვენეა, როგორც არასდროს“.
ამავე ინტერვიუში სარკოზიმ მოუწოდა მის მიერ დაფუძნებულ კონსერვატიულ პარტიას, „რესპუბლიკელებს“, იმუშაონ მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის დანიშვნისთვის.
„საფრანგეთი მემარჯვენეა, შესაძლოა, იმდენად მემარჯვენე, როგორიც არასდროს ყოფილა“, – განაცხადა სარკოზიმ პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ამასთან ერთად, საფრანგეთი პოლიტიკურ, სოციალურ და ფინანსურ კრიზისს განიცდის.
სარკოზიმ ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავიდნენ.
„იდეალური გამოსავალი არ არსებობს. მმართველმა პოლიტიკურმა ძალებმა ეს უნდა გაიგონ“, – განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.
საფრანგეთი, თითქმის ორი თვეა, ახალი მთავრობის გარეშეა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ივნისში მოულოდნელად რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელმაც ქაოტური შედეგი გამოიღო. უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატები ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
მაკრონმა ამ კვირის დასაწყისში უარი განაცხადა მემარცხენე კოალიციის კანდიდატის, ლუსი კასტეტის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე იმ არგუმენტით, რომ ეს ქვეყანაში არასტაბილურობას გამოიწვევდა.
მაკრონმა სამშაბათს პოლიტიკურ ლიდერებთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო და შესაძლოა, პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი დღეს დაასახელოს.