ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა
ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, – ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს დიდ დიღომში დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ამასთან, საქართველოში სომხეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის სომეხი მოქალაქეები და ეთნიკური სომხები არ არიან.

„16 იანვარს, ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას მსხვერპლთა და დაზარალებულთა შორის სომეხი მოქალაქეები და ეთნიკური სომხები არ არიან.  აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში თანაგრძნობას გამოხატავს ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უცხადებს დაღუპულთა ნათესავებსა და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.