ნიკოლ ფაშინიანი სიუნიქის პროვინციაში ჩავიდა
ნიკოლ ფაშინიანი სიუნიქის პროვინციაში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი სიუნიქის პროვინციაში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შესახვედრად ჩავიდა. სიუნიქის პროვინციისკენ მიმავალმა ნიკოლ ფაშინიანმა ადგილობრივ მცხოვრებლებს „ფეისბუქის“ საშუალებით მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ის სიუნიქის პროვინციაში ადგილობრივი მცხოვრებლების პატივისცემის ნიშნად და მათთან ღიად სასაუბროდ ჩადიოდა.

„მე ვასრულებდი და სრულად ვასრულებ თქვენ მიმართ ჩემს ვალდებულებებს. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი სიუნიქში ჩასვლის გადაწყვეტილება სიტუაციის გამწვავებისთვის ან ჭრილობაზე მარილის მოსაყრელად არ ყოფილა მიღებული. პირიქით, მე გადავწყვიტე სიუნიქში პატივისცემის ნიშნად წავსულიყავი და რაც მთავარია, თქვენთვის თვალებში ჩახედვით კითხვებზე გამეცა პასუხი, ასევე, გამეკეთებინა ახსნა-განმარტებები“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ ონლაინმიმართვის დროს.

მან ასევე აღნიშნა, რომ სიუნიქის ტერიტორიის არც ერთი მილიმეტრი არ იქნება დათმობილი.

21 დეკემბერს, დილით, სიუნიქის მცხოვრებლებმა პროვინციის შესასვლელთან აქცია მოაწყვეს, რათა პრემიერ-მინისტრის ვიზიტისთვის ხელი შეეშალათ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტამდე, ქალაქ გორისის მერმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, აეკრძალათ ნიკოლ ფაშინიანის ჩასვლა პროვინციაში. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ამის შემდგომ პოლიციამ ქალაქ გორისის მერი დააკავა.