ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს რეგიონული, საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს რეგიონული, საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში

მოვახერხეთ, სომხეთ-საქართველოს შორის გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელია ის, რომ ამა წლის იანვარში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ირაკლი კობახიძეს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს ურთიერთობაში მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელია ის, რომ ამა წლის იანვარში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. მოვახერხეთ, შეგვექმნა სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი ეფექტური კონტაქტებისა, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რათა მიღწეულ იქნეს სტაბილურობა და ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.

ამასთან, როგორც ფაშინიანმა განაცხადა, ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც ეხება ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას და რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას.

„უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანთან რთული მოლაპარაკებების დროს, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესში ჩვენ მოვახერხეთ, მიგვეღწია გარკვეული პროგრესისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში და ეყრდნობა 1991 წლის ალმათის დეკლარაციის დებულებებს. ეს ნიშნავს, რომ საფუძველი ამ პროცესისთვის იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევთ პრაქტიკულ პროგრესს სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში.

თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთი და აზერბაიჯანი ახერხებენ, შეთანხმდნენ სამშვიდობო და ქვეყანათა შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეკრულების 80 პროცენტზე. ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს, ხელი მოეწერა იმ დებულებებისთვის, რომლებიც უკვე იყო შეთანხმებული. ასევე შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რომლებიც ორმხრივ ინტერესებში შედის. მთელი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების განბლოკვა და სრული ოპერირება არის უმთავრესი რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ თემას ჩვენ ვთვლით ჩვენი მთავრობის პრიორიტეტად. ჩვენი იდეა ამ საკითხზე საუკეთესოდ არის ასახული სამშვიდობო პროექტის გზაგასაყარზე, რომელიც შექმნა სომხეთის მთავრობამ, რომელიც, პირველ რიგში, გავუზიარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს თბილისში, კონფერენციის დროს.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობის ბენეფიციარები არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებენ სარგებელს თანაბრად. ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლჩაუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ მშვიდობა რეგიონში იყოს შესაძლებელი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს რეგიონული, საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.