ნიკარაგუაში ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღის მეხუთე დღეს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. წითელი ჯვრის მონაცემებით, აქციების დაწყებიდან დღემდე შეტაკებებს სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
ნიკარაგუაში საპროტესტო გამოსვლები 18 აპრილს დაიწყო. პროტესტი საპენსიო რეფორმას მოჰყვა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის თანახმად, დასაქმებულებისთვის საპენსიო შენატანები გაიზარდა, ხოლო დამსაქმებლებისთვის საერთო სარგებელი შემცირდა.
შაბათს საღამოს კი, ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი ნიკარაგუელი ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვის დროს მოკლეს.
საპროტესტო გამოსვლები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს, აქციის მონაწილეები კი სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.
ნიკარაგუას ბოლო 10 წელია დანიელ ორტეგა მართავს. ამ ხნის განმავლობაში ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღაა ქვეყანაში.