ნიკარაგუაში დემონსტრაციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 350-ს გადააჭარბა. მათგან 306 სამოქალაქო პირი, 28 პროსახელისუფლებო გასამხედროებული რაზმის წევრი, 16 პოლიციელი და ერთი სამხედრო მოსამსახურეა. ამის შესახებ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები იუწყებიან. მხოლოდ ბოლო 8 დღის განმავლობაში ქვეყანაში, აქციებზე მომხდარ შეტაკებებს 40 ადამიანი შეეწირა. ათასამდე პირმა კი სხეულის სხვადასხვა ხარიხის დაზიანებები მიიღო. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, არეულობის შედეგად ბოლო 8 დღეში 330-მდე ადამიანია გატაცებული.
ნიკარაგუაში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 18 აპრილის შემდეგ ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოს მოქალაქეები ხელისუფლების მიერ ინიცირებულ რეფორმას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულ პირებს სოციალური დაზღვევის ფონდში სავალდებულო შენატანის ოდენობა ეზრდებათ.
ნიკარაგუას პრეზიდენტმა, დანიელ ორტეგამ კანონი უკვე გააუქმა, თუმცა მასობრივი არეულობა მაინც არ შეწყდა. ოპოზიცია ახლა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.