ნიკა ქურდიანი - საქართველოს საბანკო სექტორი ტექნოლოგიური და კომერციული უნარებით რეგიონზე ბევრად წინ არის
საქართველოს საბანკო სექტორი ტექნოლოგიური და კომერციული უნარებით ბევრად წინ არის, ვიდრე რეგიონი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში საქართველოდან ფინანსური პროდუქტების ექსპორტის პერსპექტივა და გამოწვევები განიხილეს.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური ცოდნის უცხოეთის ბაზრებზე გატანა სავსებით შესაძლებელია და ქვეყანამ ამ კუთხით კონკურენტუნარიანი პროდუქცის შექმნაზე მეტი უნდა იფიქროს. ქურდიანის განმარტებით, „თიბისი ბანკი“, რომელიც რამდენიმე წელია ოპერირებს აზერბაიჯანის ბაზარზე, სწორედ ასეთი ტექნოლოგიური ფინანსური სერვისების მიწოდებით აპირებს შევიდეს უზბეკეთის, საბერძნეთისა და გერმანიის ბაზრებზე. მისი მოსაზრებით, საქართველოს საბანკო სექტორი ტექნოლოგიური და კომერციული უნარებით რეგიონში მოწინავეა.
„მე ვიტყოდი, რომ საქართველოს საბანკო სექტორი კომერციული და საცალო საბანკო მომსახურების კონტექსტში მრავალი პარამეტრის მიხედვით, ძალიან წინ არის, ვიდრე რეგიონი. ვიტყოდი, რომ ჩვენს დიდ სივრცეში ერთ-ერთი ძლიერი საბანკო სექტორი გვაქვს. აქ საუბარი არ მაქვს მხოლოდ სტაბილურობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე, საუბარი მაქვს კომერციულ და ტექნოლოგიურ უნარებზე“, – განუცხადა ნიკა ქურდიანმა „ბიზნესპარტნიორს“.