ნიკა ობოლაძე - შეუძლებელია მოლაპარაკებების გაგრძელება, თუ მელია იქნება ციხეში
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, ოპოზიციის გუშინდელი აქციაც მშვიდობიანი იყო, თუმცა შემდეგში პროტესტი იქნება კიდევ უფრო ფრთხილი, რათა ხელისუფლებას სპეკულირების სივრცე არ დაუტოვონ.
„გუშინდელი აქციაც აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო, არ ისახავდა მიზნად ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვას, უბრალოდ, ჩვენ დამატებით ვეცდებით, ხელისუფლებას მოვუსპოთ ყველანაირი საბაბი იმის თქმის, რომ ოპოზიცია არის არაკონსტრუქციული. ახლა, როცა ვართ ქვეყნის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მივდივართ ევროპისკენ, ვიღებთ ევროპის დაინტერესებას და მათ მედიაციას, ფუნდამენტურად ვხდებით ევროპის ნაწილი, თუ არა. ჩვენთვის არ არის მისაღები, დავტოვოთ რამე სივრცე, რომ ხელისუფლებამ ამით ისპეკულიროს. შემდეგ ში ჩვენი პროტესტი იქნება კიდევ უფრო ფრთხილი, მხოლო და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დავუტოვოთ ხელისუფლებას სპეკულირების სივრცე“, – აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.
მისივე განმარტებით, მაქსიმალურად ეცდებიან, იყვნენ კონსტრუქციულები და შედგეს შეთანხმება. თუმცა, ობოლაძე განმარტავს, რომ შეუძლებელია მოლაპარაკებების გაგრძელება, თუ ნიკა მელია არ გათავისუფლდება.
„შეთანხმება არის, რომ ვხდებით ევროპის ნაწილი. შეთანხმების მიუღწევლობა ნიშნავს, რომ ჩვენ ვხურავთ ევროპის კარს. ევროპის უმაღლესი წარმომადგენელი ჩამოვიდა ჩვენთან და თქვა, დიახ, მე მაინტერესებს რა ხდება თქვენთან.
ახლა ამაზე უარის თქმა იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის. ნიკა მელია არის დაპატიმრებული, აბსოლუტურად უმიზეზოდ და ის წარმოადგენდა 600 ათასი აადამიანის ნებას, დამატებით 600 ათასი ნების გამომხატველი ოპოზიცია იცავდა მას. ჯამში მელიას დაპატიმრებას წინ აღუდგა საზოგადოების უმრავლესობა. შეუძლებელია მოლაპარაკებების გაგრძელება, თუ მელია იქნება ციხეში“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.