„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოსამართლემ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გუშინ მიმართა.
შუამდგომლობას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომელიც საქმეს არსებითად იხილავს.
რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატების პოზიციას, დამცველების თქმით, ისინი აპირებენ სხდომაზე დააფიქსირონ პოზიცია, რომ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია, რადგან მათი შეფასებით, მელია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ნიკა მელია არც დღევანდელ სხდომას არ დაესწრება, რადგანაც ის ამ საქმის განხილვის ფარგლებში მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა.
ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.