პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა
პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს.

როდის გაიმართება სასამართლო პროცესი, ხვალ გახდება ცნობილი. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა უნდა მიიღოს, რომელიც საქმეს არსებითად იხილავს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე 8 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.