ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა [ვიდეო/ფოტო]
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მოსამართლე თემურ გოგოხიამ გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მელიას უნდა აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება.
ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიამ საგამოძიებო ორგანოს პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა ჩააბაროს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე 10 000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. როგორც ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობის წარდგენისას განაცხადა, მელიას დაკავება პოლიტიკურ განეიტრალებას უკავშირდება. ასევე, ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მელიას დეპუტატები თავდებში უდგებოდნენ.
ბრლადების მხარე მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა შუამდგომლობის არგუმენტად დაასახელა ის, რომ მელიამ შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, ასევე მტკიცებულებების განადგურება მოხდეს.
ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამასთან, გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.