ნიკა მელიას პარლამენტარები თავდებში უდგებიან
ნიკა მელიას პარლამენტარები თავდებში უდგებიან

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დააყენა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას პარლამენტარები თავდებში უდგებიან.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მელია მზად არის, ჩააბაროს პასპორტი.

„მისი დაკავება მელიას პოლიტიკურ განეიტრალებას უკავშირდება და ის არსად წასვლას არ აპირებს. პარლამენტართა სია გადმომცეს, რომლებიც წერილობით უზრუნველყოფენ ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნას თავდების ქვეშ. ისინი ითვალისწინებენ სრულ პასუხისმგებლობას, რაც უკავშირდება თავდებობას“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატს დეპუტატების ვინაობა, რომლებიც მისი თქმით, ნიკა მელიას თავდებში უდგებიან, არ დაუკონკრეტებია.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე ნიკა მელიას მეგობრები და ახლობლები.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.