ნიკა მელიას ადვოკატი - მოსამართლემ გაახმოვანა წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც კანონთან და სამართლის მოთხოვნასთან არავითარი შემხებლობა არ აქვს
ნიკა მელიას ადვოკატი - მოსამართლემ გაახმოვანა წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც კანონთან და სამართლის მოთხოვნასთან არავითარი შემხებლობა არ აქვს

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მოსამართლემ გაახმოვანა ის გადაწყვეტილება, რომელიც წინასწარ იყო მიღებული.

მისივე თქმით, მელიასთან დაკავშირებით მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას არავითარი შემხებლობა არ აქვს კანონთან და სამართლის მოთხოვნასთან.

„ეს გადაწყვეტილება იკითხებოდა პროცესის პირველივე წუთებიდანვე. ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლომ ელემენტარულად ვერ გამოიჩინა პრინციპულობა და ვერ დადგა კანონის მოთხოვნის საფუძველზე. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მეთოდით, რაც არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაშვებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპულ ასპარეზზე.

იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა და ხელისუფლება 2 თვის განმავლობაში ავრცელებდნენ პროპაგანდას, რომ თურმე ნიკა მელიას შეეძლო გირაოს გადახდა და გამოსვლა, დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა და მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.