ნიკა მელია - სასამართლო ვერ შემიფარდებს პატიმრობას, სასამართლო რომ სასამართლო იყოს, არამარტო მკაცრ სანქციას, არანაირ სანქციას ბუნებაში არ გამოიტანს
ნიკა მელია - სასამართლო ვერ შემიფარდებს პატიმრობას, სასამართლო რომ სასამართლო იყოს, არამარტო მკაცრ სანქციას, არანაირ სანქციას ბუნებაში არ გამოიტანს

„ქართული ოცნება“ მურუსიძესთან ერთად დარწმუნდება, რომ ვერ დამიჭერს, ჩემი დაჭერის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო მას პატიმრობას ვერ შეუფარდებს.

„სასამართლო მე ვერ შემიფარდებს პატიმრობას, რადგან სასამართლო არ არის. მურუსიძე თუ შემიფარდებს, სხვა საკითხია. სასამართლო და სამართლებრივი წესრიგი არარსებულ საქმეზე საპატიმრო სანქციას ვერ გამოიტანს. უბრალოდ საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს, რაღაც ხომ უნდა არსებობდეს. ეს რაღაცაც არ არსებობს, ელემენტარული სამართლებრივი საფუძველიც კი არ არის. შესაბამისად, სასამართლო რომ სასამართლო იყოს, არამარტო მკაცრ სანქციას, არამედ არანაირ სანქციას ბუნებაში არ გამოიტანს. ამას მხოლოდ და მხოლოდ კერძო ადამიანი გააკეთებს, რომელსაც მოსხმული აქვს მოსამართლის მანტია და რომელსაც უნდა, დავიჯეროთ, რომ არის მოსამართლე. ბატონი მურუსიძე ივანიშვილის დავალებით რა გადაწყვეტილებასაც არ უნდა იღებდეს, ეს გადაწყვეტილება კარგად შეინახონ და თაროზე შემოდონ. ეს გადაწყვეტილება იქნება ისეთივე ძალადაკარგული, როგორც თავად მურუსიძე ბრძანდება. თუკი ვინმეს სჯერა, რომ მურისუძე არის მოსამართლე? მე არ მჯერა და შესაბამისად, მის გადაწყვეტილებას სერიოზულად ვერ აღვიქვამ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სადეპუტატო მანდატის შესაძლო შეწყვეტის შესახებ დასმულ კითხვაზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სპორტული ინტერესი აქვს, ნახოს, თუ აღმოჩნდება საპარლამენტო უმრავლესობაში დეპუტატი, რომელიც მის მხარეს დაიჭერს.

„მე უბრალოდ სპორტული ინტერესი მაქვს, მეათე მოწვევის პარლამენტში თუ გააუმჯობესებენ რეკორდს და მეორეჯერ თუ დაიჭერენ კოლეგას ახლად შესული ადამიანები. აი, ეს ერთადერთი სპორტული ინტერესი მაქვს, ვინმე თუ აღმოჩნდება ერთი ადამიანი მაინც, ვინც თავს შეიკავებს. ბუნებრივია, ყველა სახელისუფლო შტო არის ორკესტრირებული და ხმაშეწყობილად მოქმედებენ, ამიტომ განსხვავებულ პოზიციებს არ უნდა ველოდებოდეთ. შეიძლება, ერთი-ორმა ადამიანმა გაბედოს, სილა გააწნას ივანიშვილს და უთხრას, რომ მე მელიასკენ ვარ, მერე რა, რომ „ოცნების“ წარმომადგენელი ვარ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

შალვა პაპუაშვილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ „სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და ეტყვის – ამ სახელმწიფოს ნიკა მელია არ ჰქვია“, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თავისი საქციელით კი არ უპირისპირდება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს პრინციპს, არამედ „აშიშვლებს უკანონო სისტემას“.

„მე ამ ბატონს არ ვიცნობ, მაგრამ მე ვეუბნები, რომ ამ სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილი არ ჰქვია, არც მურუსიძე და არც ფარცხალაძე. ერთი სიტყვით, სახელმწიფო გადატრიალება, გავრილოვი, 20 ივნისი, ვისაც სჯერა რომ არის ჩემი ბრალი, რამდენიც არ უნდა ვისაუბრო თქვენი მეშვეობით, იმ ადამიანს ვერ დავარწმუნებ, რომ არ არის ჩემი ბრალი გავრილოვი. თუ ვინმეა დამნაშავე, ესენი არიან, ვინც ბატონი გავრილოვი შემოიყვანეს ზარ-ზეიმით და მერე თვალები დათხარეს საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან დიდი სამართლიანი პროტესტი გამოთქვა ქართველმა ხალხმა. ეს ადამიანები ნამდვილად არიან ღირსი, რომ კანონმა პასუხი მოსთხოვოს, მაგრამ კანონმა რომ პასუხი მოსთხოვოს, კანონი უნდა გვქონდეს ქვეყანაში, ჩვენ კანონი არ გვაქვს ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული წესწყობილება ქვეყანაში. სწორედაც რომ ჩემთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, მიმაჩნია, რომ ეს არის სახელმწიფოს ქვაკუთხედი და ამ ჩემი საქციელითა და ქმედებით კი არ ვუპირისპირდები სახელმწიფოს ამ უმნიშვნელოვანეს პრინციპს, არამედ პირიქით, ვაშიშვლებ უკანონო სისტემას და ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ბევრი და ბევრი ადამიანი აღარ გახდეს უკანონო თვალთვალის, უკანონო პატიმარი, არც იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ გირაო უნდა გადაიხადოს აბსოლუტურად უკანონოდ. ათასობით ადამიანი ვიხსნა ამ უკანონობიდან, ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს, ვიღაცამ უნდა გაწყვიტოს. მე ვფიქრობ, რომ ამ ჯაჭვს გავწყვეტ ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად. ასე ვერ გაგრძელდება ცხოვრება. ჩვენ კი არ გვანადგურებს ემოციურად და გვისპობს თვითგანვითარების შესაძლებლობას, ამ ქვეყანას უკარგავს შანსს, რომ გახდეს მნიშვნელოვანი წევრი განვითარებული ქვეყნის, ოლიგარქატი და განვითარება ერთმანეთთან ვერ ეწყობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, ოთხშაბათამდე გირაოს გადაწევა ხომ არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაპატიმრება არ უნდა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი დაჭერა შეუძლებელია, რადგან სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ოცნება“ დაზუთხულივით საუბრობდა, რომ მელია გადაიხდიდა გირაოს. ხომ დარწმუნდა, რომ არ გადავიხადე. ახლა „ოცნება“ მურუსიძესთან ერთად დარწმუნდება, რომ ვერ დამიჭერს. მე ვთქვი, რომ ვერ დამიჭერენ და ამაში დარწმუნდება ივანიშვილიც, „ქართული ოცნების“ დეპუტაციაც და მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოც, რადგან სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ჩემი დაჭერის, ამიტომ შეუძლებელია“, აღნიშნა ნიკა მელიამ.