შალვა პაპუაშვილი - სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და ნიკა მელიას ეტყვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია
შალვა პაპუაშვილი - სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და ნიკა მელიას ეტყვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია

ოპონენტები, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან, ახლა ვაკვირდებით, რომ კანონისა და სამართლებრივი სივრციდანაც გავიდნენ, – ამის შესახებ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია გუშინდელი განცხადებით ამბობს, რომ ის არის სახელმწიფო და თავად განსაზღვრას, რა არის კანონი.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია.

„გამოხმაურებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპონენტები, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან, ახლა ვაკვირდებით, რომ კანონისა და სამართლებრივი სივრციდანაც გავიდნენ, ამას ვერ დავუშვებთ. როგორც მაშინ ვერ დავუშვით დემოკრატიული სივრციდან მათი გასვლა, ახლა პარლამენტი ვერ დაუშვებს სამართლებრივი სივრციდან მათ გასვლას.

ნიკა მელია გუშინდელი განცხადებით ამბობს, რომ ის არის სახელმწიფო, ის განსაზღვრას და ადგენს, რა არის კანონი და რა – არა. შესაბამისად, სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და ეტყვის მას – ამ სახელმწიფოს ნიკა მელია არ ჰქვია, ამ სახელმწიფოს ჰქვია საქართველო და მისი ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.