ნიკა მელია - სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა, ერთ-ერთ მიზეზად ჩემგან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა, არასდროს მიმიყენებია პერსონალური შეურაცხყოფა, ამას ჩემს თავს არ ვაკადრებ
სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა. არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა, ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სოცალურ ქსელში წერს.
ნიკა მელიას თქმით, ის თბილისის პრობლემებზე საუბრობს და არა პერსონალურ საკითხებზე.
„სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა. არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა – ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ როგში!
რაც შეეხება მის მიერ, მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას ატკატებად, მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას – ეს პერსონალური საკითხები არაა.
ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება, მისი დამარცხებისთანავე. ვიცი, რომ პასუხები არა აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია – დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით.
არადა თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ – მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ – ისინი უნდა დავამარცხოთ! ყველამ ერთად 30-ში“, – წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ დებატებთან დაკავშირებით ნიკანორ მელიას შეთავაზება არის პოპულისტური.
„მაშინ, როცა დებატებიდან გარბის, სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩემი ლანძღვით, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებული, არანაირი ხედვა, არანაირი საარჩევნო პროგრამა თბილისთან დაკავშირებული არ წარმოუდგენიათ, ახლა გაახსენდათ დებატები?! არჩევნებამდე რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი?! რამდენიმე დღეა, ორი დაპირება გააჟღერეს და ისიც ძალიან დიდი ტყუილი. აი, ეს არის ჩემი პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს საქართველოს პირველი არხის ეთერში გაიმართა დებატები თბილისის მერობის 16-ვე კანდიდატს შორის. ნიკანორ მელიამ უარი განაცხადა დებატებში კახა კალაძესთან ერთად მონაწილეობაზე და შესავალი სიტყვის შემდეგ სტუდია დატოვა.