ნიკა მელია - სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში არაფორმალური მმართველი იყო
სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში არაფორმალური მმართველი იყო, – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“, სადაც პრეზიდენტი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.
ნიკა მელიას განცხადებით, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პარტიის ლიდერები რჩევის მისაღებად მიდიოდნენ, ეს ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველდღე ჩართული იყო პოლიტიკაში.
ნიკა მელიას თქმით, 2020 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაშიც აღარ იქნება.
„სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში იყო არაფორმალური მმართველი. ნიშანდობლივია, რომ ქალბატონი, რომელიც მუშაობს როგორც პრეზიდენტი, რეალურად არ არის ლეგიტიმაციის მატარებელი. ქვეყნის პრეზიდენტი როდესაც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პარტიის ლიდერები რჩევის მისაღებად ადიოდნენ და რა ექნა, მოუწია პოლიტიკაში ჩართვაო, ადასტურებს, რომ ეს ადამიანი ყოველდღე იყო ჩართული პოლიტიკაში, მაგრამ სამწუხაროა, რომ ბატონი კობახიძე და „ქართული ოცნების“ ლიდერები რატომ დადიოდნენ? როგორ გამოსწორდეს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა, როგორ დაიძლიოს სოციალური კრიზისი ან როგორ შემცირდეს უმუშევრობა? ისინი ბიძინა ივანიშვილისგან იღებდნენ რჩევებს, ვის სიკვდილი, ვის ჩამოხრჩობა, ვინ პატიმრობაში. დადიოდნენ და დადიან, ჩხარტიშვილები, მათ შორის ხაზარაძეები ბიზნესგარჩევისთვის. ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის შემდეგ არა თუ ხელისუფლებაში არ იქნება, არამედ პოლიტიკაშიც აღარ იქნება, ვინაიდან ეს არის ადამიანი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს იმ ათობით უმძიმეს დანაშაულზე, რომელიც პირადად მან ჩაიდინა. დაწყებული სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედიებით, გაგრძელებული მუხთარლის გატაცებით, ბიზნესების მიტაცებით. ქართულმა მართლმსაჯულებამ ამ ადამიანს პასუხი უნდა მოსთხოვოს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო.