ნიკა მელია - ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა, როცა უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, არის გამაოგნებელი და უღირსი ნაბიჯი
ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მელიას თქმით, „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც მარტში მიიღეს „რუსული კანონი“, აუცილებელია ვიცე-სპიკერის პოსტის დასაკავებლად.
„ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, არ იღებს უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტებს, დემოკრატიული პროცესის ჩასაშლელად მიმართავს საბოტაჟს, არ ქმნის საგამოძიებო კომისიებს, მეტი ძალაუფლების მოსახვეჭად იღებს კანონებს, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, აფერხებენ ევროინტეგრაციის სასიცოცხლო პროცესს და ცდილობენ, ჩააგდონ კანდიდატის სტატუსის მიღება, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც მარტში მიიღეს „რუსული კანონი“, აუცილებელია ვიცე-სპიკერის პოსტის დასაკავებლად“, – წერს მელია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა.