ნიკა მელია - მთავარი ტესტი, რომელიც კალაძემ უნდა გაიაროს, 2 ოქტომბრის დემოკრატიული ტესტია, ამის შემდეგ, რომელიც უნდა, ის გავიაროთ, მათ შორის „აიქიუ“ და ნარკოტესტი
მთავარი ტესტი, რომელიც ბატონმა კალაძემ უნდა გაიაროს, 2 ოქტომბრის დემოკრატიული ტესტია, – ამის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მელია გამოეხმაურა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად, ის მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
„მთავარი ტესტი, რაც უნდა გაიაროს ბატონმა კალაძემ, „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ჩემი აზრით, არის 2 ოქტომბრის დემოკრატიული ტესტი. ამის შემდეგ, რომელი ტესტიც უნდა, ის ტესტი გავიაროთ, მათ შორის, დემოკრატიული, ნარკოტესტი და „აიქიუ“ ტესტი. სიამოვნებით გავიაროთ ერთად“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თავად ნარკოტესტის გაკეთებას 6 სექტემბერს გეგმავს.
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პროპაგანდა, რომ „ნარკოტიკი კლავს“ და „არა ნარკოტიკს“. უბრალოდ, რატომ არ არის ეს კანონში გათვალისწინებული, არ ვიცი. პარლამენტში, დეპუტატობის კანდიდატებს ამის აუცილებლობა აქვთ, რომ ნარკოლოგიურიდან წარმოადგინონ ცნობა. მერობის კანდიდატებს რატომ არ აქვთ, არ ვიცი. შესაბამისად, პირველი მე ვარ. გამოვდივარ ინიციატივით და ყველა კანდიდატს ვიწვევ, ჩავაბაროთ ნარკოტესტი, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რამდენად სუფთები ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.