კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის გავლას სთავაზობს
კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის გავლას სთავაზობს

გამოვდივარ ინიციატივით, მერობის კანდიდატებმა ჩავაბაროთ ნარკოტესტი, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რამდენად სუფთები ვართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავად ნარკოტესტის ჩაბარებას ორშაბათს, 6 სექტემბერს აპირებს.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პროპაგანდა, რომ „ნარკოტიკი კლავს“ და „არა ნარკოტიკს“. უბრალოდ, რატომ არ არის ეს კანონში გათვალისწინებული, არ ვიცი. პარლამენტში, დეპუტატობის კანდიდატებს ამის აუცილებლობა აქვთ, რომ ნარკოლოგიურიდან წარმოადგინონ ცნობა. მერობის კანდიდატებს რატომ არ აქვთ, არ ვიცი. შესაბამისად, პირველი მე ვარ. გამოვდივარ ინიციატივით და ყველა კანდიდატს ვიწვევ, ჩავაბაროთ ნარკოტესტი, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რამდენად სუფთები ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.