ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავს - ნებისმიერი განაჩენით, თქვენ მიიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას
ნებისმიერი განაჩენით, თქვენ მიიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიას.
„მე ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია ჩინჩალაძე-მურუსიძესთან დაკავშირებით. მე ვნახე 93 დაჩოქილი დეპუტატი. არ მაქვს რწმენა, რომ თქვენ იქნებით პირუთვნელი, ობიექტური და სამართლიანი მოსამართლე. ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურად ნაკარნახევი. თქვენ არ ხართ ჩეულებრივი მოსამართლე, თქვენ ხართ კოლეგიის თავმჯდომარე, ასეთ თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდით, რომ არ იყოთ კლანის წევრი. მე ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, რომ თქვენ გული მოგილბოთ და სხვანაირი ნიკა მელია წარმოგიდგინოთ, რათა პატიმრობა არ შემიფარდოთ. ამას ვერც თქვენ ეღირსებით და ვერც ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე ნიკა მელიას მეგობრები და ახლობლები.
ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამასთან, გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.